აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა. ჩირუხის მთაზე 1 789-მეტრიანი, ორზოლიანი ზიპლაინის მოსაწყობად 9 მლნ ლარი დაიხარჯა. სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძისთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ოფიციალურად გახსნა.
“წელს შუახევის მუნიციპალიტეტში შუამთობის დღესასწაულს განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით. ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აჭარის რეგიონში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.