მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მზია ამაღლობელი დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავე ეს სისტემაა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს განცდა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს დამოუკიდებლად გამოიტანს.
„საქართველოში ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე [ნინო სახელაშვილი] დამოუკიდებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და პოლიტიკური ზეწოლისგან? მე ამის განცდა არ მაქვს, რომ ეს მოსამართლე დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემთვის მითი დასრულებულია, რომ თუნდაც ერთი, ორი ან სამი მოსამართლე მაინც იქნება დარჩენილი, რომელიც პატიოსანი და დამოუკიდებელი იქნება.
ეს ერთი დიდი კლანი და ერთი დიდი ნაგავია, რომელიც საქართველოდან არის გასატანი. ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მართლწესრიგი და მართლმსაჯულება.
მან დღეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან მას პოლიტიკური დავალება აქვს აწამოს მზია ამაღლობელი. მან ეს გააკეთა, როდესაც 4 რიცხვში, საბოლოო სხდომა ჩანიშნა, დღეს კი 400 კილომეტრზე ჩამოიყვანა, რომ საბოლოო სიტყვა ეთქვა და უკან გაუშვა, რომ 6 რიცხვში ისევ ჩამოიყვანოს.
ჩვეულებრივი ჯალათია, რომელიც აწამებს ადამიანს და უნდა, რომ ეს ადამიანი დამნაშავედ აქციოს. ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მზია ამაღლობელი დამნაშავედ გამოიყვანოს. დამნაშავე არის მოსამართლე ნინო სახელაშვილი, ეს სასამართლო სისტემა. ეს სისტემა კი ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოანგრიოს“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
