ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და შესაძლებლობები საქართველოში არაერთგზის გამხდარა დისკუსიის საგანი, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებული რეალობა ცხადყოფს, რომ ქვეყანას კვლავ გააჩნია გამოწვევები. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც მიმდინარე წლის ტენდეცია. მაგალითად, „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივმა გენერაციამ 6.6 ტვტ. სთ.-ს მიაღწია, რაც წლიურად 9.7%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ. სთ. შეადგინა.
ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მისი მიღწევების გზებზე რადიო კომერსანტი იურისტ თენგო კირთაძეს ესაუბრა. იურისტი აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, რადგან მათ აკლიათ საბილურობა. მისივე თქმით, ჰესების მშენებლობის განვითარება ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების მთავარ ასპექტს წარმოადგენს.
“ჩემი აზრით, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ქვეყნის განვითარებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის გარეშე ვერ იარსებებს ეკონომიკური განვითარება. თუკი ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკა არის ეკონომიკის ხერხემალი, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საიდან გამოვიმუშაოთ ენერგია. ბუნებრივია ენერგიის გენერაციის რამოდენიმე წყარო არსებობს, კერძოდ, განახლებადი ენერგიის წყაროები, არის ასევე ბირთვული ელექტროსადგურები და თბოელექტრო სადგურები, რომელზეც ვრცელი ლაპარაკი არ ღირს, რადგან გლობალურად ტენდეცია უფრო მწვანე ეკონომიკისკენაა მიდრეკილი. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიდის განახლებადი ენერგიისკენ. აქ კი მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ მზისა და ქარის სადგურები არ არის ენერგიის პერმანენტული მომწოდებელი და შესაბამისად ვერ გახდება ცენტრალური ასპექტი ქვეყნის ენერგეტიკის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად ჩვენ გვრჩება რესურსი ჰიდროელეტროსადგურების. ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გვაქვს წყალი ქვეყანაში და შესაბამისი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ჰესები ავაშენოთ, მით უფრო როცა იგივე ენგურჰესის მაგალითზე ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს“. – აღნიშნავს თენგო კირთაძე.
თენგო კირთაძე ასევე აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია. მისივე თქმით, თუკი არ მოხერხდა ჰიდრო რესურსის პოტენციალის ათვისება, მაშინ ქვეყანა მუდმივად ენერგოდამოკიდებული იქნება, როგორც ის ახლაა.
„დღესდღეობით როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე მზარდია, კერძოდ, ყოველწლიურად 4-5 პროცენტის ფარგლებში მატულობს ენერგიაზე მოთხოვნა. ჯამურად სადღაც 14 მილიარდ კილოვატ საათს მოვიხმართ საანგარიშო პერიოდში. აქედან 2,5 მილიონი მოდის თბოსადგურებზე, რომელიც ფაქტობრივად იმპორტირებული ენერგიაა, რადგან აქ ენერგიის გამომუშავება ხდება იმპორტირებული გაზის ხარჯზე. თუკი თბოსადგურებს არ შევიტანთ ბალანსში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი იმპორტდამოკიდებულება დაახლოებით 30 პროცენტია, ეს მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი ჰიდრო რესურსების მხოლოდ 25 პროცენტამდე გვაქვს ათვისებული. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ევროპის ქვეყნებს ვედრებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მაგალითად, შვეიცარიას თავისი რესურსების 80 პროცენტზე მეტი აქვს ათვისებული, ავსტრიას 90 პროცენტის ფარგლებში აქვს ათვისებული, 95 პროცენტამდე აქვს ათვისებული ნორვეგიას და ასე შემდეგ. აქვე არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ევროპამ გადააფასა პოლიტიკა და ჰიდრო რესურსის მაგივრად გადავიდა მზისა და ქარის ენერგიაზე, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ევროპამ უკვე მაქსიმალურად აითვისა ჰიდრო რესურსი, ხოლო მზისა და ქარის ენერგიის განვითარების მიზანი ენერგიის დამაბალანსებელ ეფექტს ატარებს და არა ჰესების ალტერნატივას“. – განაცხადა თენგო კირთაძემ.
იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან ერთად აუცილებელია რამდენიმე დიდი ჰესის მშენებლობაც, სადაც მოხდება წყლის დაგუბება. მისი თქმით, აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს წლის ნებისმიერ პერიოდში ენერგიის სტაბილური მიწოდება ვუზრუნველყოთ.
„ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა, გარდა ჰესების მშენებლობისა, რათა ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ. ცხადია ამ პროცესში მცირე და საშუალო ჰესების პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე აუცილებელია რამდენიმე დიდი სტრატეგიული ჰესის მშენებლობაც ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია წყლის დაგუბება. შედეგად ხდება სეზონური ბალანსირება და ენერგიის სტაბილური მიწოდება მთელი წლის განმავლობაში. ამის პოტენციალი საქართველოში შეზღუდუალია, თუმცა რამდენიმე ობიექტის მშენებლობა მაინც შესაძლებელია, მათ შორისაა, ნამახვანჰესი, ხუდონჰესი და ნესკრაჰესი. საბოლოო ჯამში, ასეთი ჰესების მშენებლობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ენერგო სისტემა საქართველოში იყოს დაბალანსებული“. – აღნიშნა თენგო კირთაძემ.
