პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 5998 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.
„მან ასევე, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1199 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 903 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალება 0,18333 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ბრალდებული უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ