პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, კომისიის დასკვნის 430-გვერდიან პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. წულუკიანის თქმით, დოკუმენტის პირველივე გვერდზე აღნიშნავენ, რომ ის ერთხმად იქნა მიღებული.
დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროვდება – მისი სრულად წარდგენა და გამოქვეყნება სექტემბერში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. წულუკიანის თქმით, კომისიის მანდატი 3 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც გადაწყვეტს მისი განხილვის თარიღს.
დასკვნის შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი სასარგებლო იქნება როგორც საგამოძიებო ორგანოებისთვის, ისე სასამართლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, „რომლებმაც ნამდვილი ანალიზი უნდა აწარმოონ და ის თავიანთი სამშობლოს ინტერესებისთვის გამოიყენონ“.
წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ სურს კომისიის დასკვნა დაიბეჭდოს წიგნის სახით და ითარგმნოს ინგლისურად.
