ბათუმის საქალაქო სასამართლოში სრულდება დაკავებული ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
4 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოისმენს.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ადგილიდან, სხდომა, რომელიც 13 საათზე იყო დანიშნული ჯერ არ დაწყებულა. ის, სავარაუდოდ, წუთიწუთზე უნდა დაიწყოს.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია იმართება – „ძალიან მნიშვნელოვანია, სინდისის პატიმარს გავაგონოთ ჩვენი ხმა, თავისუფლება მზიას!“ – ისმის შეძახილები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.
აქციის მონაწილეებს შენობასთან გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით – „თავისუფლება მზიას“.
პირველ აგვისტოს, სასამართლო სხომა, სადაც დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოდიოდა 9 საათს გაგრძელდა. ადვოკატ მაია მწარიაშვილს თითქმის 90-გვერდიანი სიტყვა ჰქონდა მომზადებული. ადვოკატმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს სისტემა ჩაგრავს და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი მიმდინარეობს; ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, მძიმე ბრალდებებით – მედიამენეჯერს წინასწარვე გამოუტანა განაჩენი.
ადვოკატის გამოსვლის შემდეგ, თავად მზია ამაღლობელმა მოითხოვა, რომ თავისი დასკვნითი სიტყვა გადადებულიყო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სხდომის დარბაზიდან იტყობინებოდა, რომ ამაღლობელი, სხვა სხდომების მსგავსაც, საბრალდებო სკამზე არც 1 აგვისტოს დამჯდარა და ფეხზე მდგომი უსმენდა ადვოკატს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, პოლიციელის ალიყურისთვის, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) აქვს წაყენებული, რაც სულ მცირე 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი კი 7 წელია.
მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულს, გაზვიადებულსა და გამოგონილს უწოდებენ იურისტები, უფლებადამცველები, საერთაშორისო პარტნიორები და ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციები.
მზია ამაღლობელის პატიმრობა ბევრისთვის კიდევ უფრო დიდ უსამართლობის განცდას იწვევს იმის გათვალისწინებითაც, რომ, ათეულობით დემონსტრანტისა თუ ჟურნალისტის სასტიკი ცემის გამო, დღემდე არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. როგორც თავად დაკავებულები ჰყვებიან, ადამიანებს გამეტებით ურტყამდნენ როგორც აქციებზე, ქუჩაში, ასევე დაკავების შემდეგაც – ავტომანქანებში.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
31 ივლისს, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
