პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის დასკვნა დღეს არ გასაჯაროვდება და მას სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.
როგორც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სესიაზე დასკვნის პუნქტობრივი განხილვა მოხდება.
„დასკვნა, როგორც ასეთი, დღეს არ გასაჯაროვდება.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს 6 თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების და დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება იფიქრო, 6 თვე რატომ არის საკმარისი, რომ ეს თემა ამოწურო. ეს ჩვენზე დამოკიდებულები არ გახლავთ, კანონი გვავალდებულებს, რომ 6 თვეში დავასრულოთ მუშაობა.
ხვალ, 5 აგვისტოს ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, შემდეგ ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო.
ბიურო როცა საჭიროდ ჩათვლის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პლენარულ სხდომას ჩანიშნავს, სადაც კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა, უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს, სანამ საქართველოს პარლამენტი არ მოისმენს ამ დასკვნას, მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან მსჯელობას ამ დასკვნაზე. ჩვენ დღეს დასამტკიცებლად შევიკრიბეთ, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანი კომისიის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, მათ მიერ მომზადებული დასკვნა დაიბეჭდოს და წიგნის სახით გამოიცეს, ასევე ინგლისურ ენაზე ითარგმნოს.
„ალბათ, არ იქნება ცუდი, გავაგრძელოთ კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მუშაობა იმისთვის, რომ დაიბეჭდოს ეს დასკვნა. პარლამენტს აქვს ამის შესაძლებლობა.
კარგი იქნებოდა, პლენარული სხდომისთვის, ჩვენს კოლეგებს შევთავაზოთ გარეგნულად სამუშაო ვერსიის მქონე დასკვნა კი არა, არამედ დასტამბული წიგნის სახით, დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს.
პლენარული სხდომის შემდეგ იმისთვის დავბეჭდოთ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ. ასევე, თენგიზ შარმანაშვილი ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებით, რომ ითარგმნოს. ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული საკუთარ თავზე იწვნია, სრულიად გაუგებარია.
ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არ იციან, როგორც იცხოვრა საქართველომ 2003-2012 წლამდე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში, იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც საქართველოს უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დღეიდან დავძრავდით პროცედურებს თარგმანის და პირველ რიგში დასტამბვის, დაბეჭდვის მიმართულებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.
დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს თეა წულუკიანის ჩაბარდა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” – თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.
აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.
დღეს კი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა. როგორც კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა, ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად თავმოყრილია “ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც ამ დოკუმენტის ღირებულებაა“.
