შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.