“სახელმწიფომ არ შეასრულა ვალდებულებები” – დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებს ტოვებს

დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ეს ინფორმაცია “მთავარ არხს” ხიდაშელმა პირადად დაუდასტურა.
სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი არ აკონკრეტებს რატომ ტოვებს რაჭის ტყეებს, თუმცა აქვე განმარტავს რომ მას სახელმწიფომ შესაბამისი პირობები არ შეუქმნა და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა.
როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა მათი პირობების შეუსრულებლობას, არამედ, თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. კომპანია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და ამ დროს თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
20 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
წყარო – მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ