ივანიშვილის პრემიერი მზია ამაღლობელს წლობით საპყრობილეს უმზადებს – მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა! – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ის მოსამართლეს მიმართავს, გაბედოს, საკუთარი სინდისის ხმა შეისმინოს და ისე აღასრულოს ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება.
„შუამთობას, ზემოაჭარლებს, როგორც ყოველთვის, ფორმალურად, მლიქვნელურად, ანგარებით, უგულოდ ეწვია ივანიშვილის პრემიერი. ამ დროს ის ზემო აჭარის სინდისს, მართლაც ღირსეულ მთიელ ქალს, მზია ამაღლობელს, უსაშველოდ უსამართლოდ დატყვევებულს, წლობით საპყრობილეს უმზადებს.
ილიაობას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მომავალ წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საზეიმოდ აღნიშვნასა და ერისა თუ ბერის გაერთიანებულ ძალისხმევაზე იქადაგა. ამ დროს ილია წინასწარმეტყველის მიერ ნუგეშცემული ერთადერთი გაჭირვებული ქალის გასაოცარი ამბავი, ისევე როგორც ილია მართლის (ჭავჭავაძის) მიერ გულში ჩახუტებული აჭარა, ნალოლიავები სამართლიანობა და უკომპრომისოდ მართალი სიტყვის არსი დაივიწყა – მოსაყდრეს არც კი გახსენებია უკანონო პატიმარი ქალი!
წითელი ინტელიგენციის შთამომავლები, ილიას მემკვიდრეობის ცოდნით რომ იწონებდნენ თავს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ, სიტყვა დაეძრათ თანამედროვე ოთარაანთ ქვრივზე, რუსთაველის პოემის ახალ გმირზე, გალაქტიონი რომ ფეხზე წამოუდგებოდა და ლექსად აქცევდა, ნიკალა რომ დახატავდა, ზაქარია ფალიაშვილი რომ ჰიმნს შეასხამდა, იმ მზე მზია ქალზე!
მედროვეობამ, უგუნურობამ, უსამართლობამ, გაუნათლებლობამ, უსიყვარულობამ და უღმერთობამ წალეკა ქვეყანა!
თქვენ დაგივიწყებთ ისტორია!
მზიას და მისნაირებს, თქვენ მიერ დაწუნებულებს, კი განადიდებს, აღამაღლებს, ქართველთა სათაყვანო გმირებად აქცევს!
მოსამართლევ, მოგიწოდებთ, გაბედეთ, შეისმინეთ საკუთარი სინდისის ხმა და ამჯერად მაინც ისე აღასრულეთ ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება!
მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა!,“ – წერს ახვლედიანი.
