მუნიციპალური განვითარების ფონდი 5,5 მლნ ლარის პიკაპებს, ჯიპებს და მინივენებს ყიდულობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი დაახლოებით 5,5 მლნ ლარის პიკაპებს, ჯიპებს და მინივენებს ყიდულობს. ამ მიზნით სახელმწიფო უწყებამ სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ერთ-ერთი ტენდერის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მზადაა 2 924 195 ლარი გადაიხადოს 31 პიკაპის შესაძენად. წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.
მეორე ტენდერის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი 29 ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას 2 236 770 ლარად აპირებს. ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.
ორივე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სსიპ საქართველოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჭიროებისთვის. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი – გარბენი არაუმეტეს 200 კმ.
ამასთან, მესამე ტენდერის ფარგლებში ფონდი 354 530 ლარად ორ ერთეულ მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვას გეგმავს.
ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციების (PPI) მხარდამჭერი კომპონენტის გაძლიერება.
ფონდის დირექტორის პოზიციას 2025 აპრილიდან ბექა ურუშაძე იკავებს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ