აზიური ბაზარი ევროპელ ტურისტებს ვერ ჩაანაცვლებს – ტურისტული ობიექტი “ქორენა”

“აზიური ბაზარი ევროპელ ტურისტებს ვერ ჩაანაცვლებს”, – ამის შესახებ ტურისტული ობიექტის „ქორენას“ დამფუძნებელმა მაიკო კეზევაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
კეზევაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აზიური ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების მატება შეინიშნება, მათი კულტურული და მომხმარებლური მახასიათებლები არსებითად განსხვავდება ევროპელი ვიზიტორებისგან და ვერ ანაცვლებს მათ.
„ევროპა არის ჩვენი ძირითადი სეგმენტი… ჩვენ ისე ვართ ამ სეგმენტზე აწყობილი, სხვა სტუმარი არც წარმოგვიდგენია”, – აღნიშნა მაიკო კეზევაძემ.
როგორც ტურისტული ობიექტის მფლობელი ამბობს, ევროპელებთან სტუმართმოყვარეობის კულტურა შედარებით გამარტივებულია და წლების განმავლობაში მათთან ურთიერთობა დალაგდა. რაც შეეხება აზიელ ტურისტებს, მისი თქმით, მათი ნაწილი მეტად ფორმალურია და მასპინძლობისადმი მიდგომაც სხვაგვარია. შესაბამისად, მათთან ემოციური კავშირისა და სერვისის მორგების რესურსი მნიშვნელოვნად რთულდება.
„ემოციის მიღება მათთვის არის ურთულესი. ვერ ხვდებიან, რომ მე თავიდან ბოლომდე ვიხარჯები“, – თქვა მან.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 201 986 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 10.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვიზიტებით პირველ ათეულ ქვეყანაში ვერ მოხვდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით კი, წელს, პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებული 2 მილიარდი დოლარის შემოსავალში ევროკავშირიდან 277 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. შესაბამისად ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი 1371 დოლარი იყო.