„ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა. ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. გაუშვა ციხეში.
ციხის პირობებში შეუძლებელი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სათანადო ზრუნვა. მას აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები და შესაბამისი პროფილის ექიმთან შეხვედრას დღეების განმავლობაში ელოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ნინოს ემოციურ ფონზე, რომელსაც ეს ტკივილები და უსამართლობის განცდა ამძაფრებდა? და უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნინო ციხეში მოვინახულე, ძალიან მხნედ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდა მიღებული, საკუთარი საქმის ნაცვლად, პირველი რაც მკითხა, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო. წუხდა, რომ ციხეში სასეირნო დროს ვერასდროს მოკრა თვალი მზიას. ციხის სხვადასხვა ფლიგელში არიან. ნინოს დაკავების შემდგომ პერიოდში როდესაც მზია ამაღლობელს შევხვდი, მითხრა, რომ ნინოს ციხეში გადაყვანის ამბავი რომ გაიგო, უნდოდა გასამხნევებლად წიგნი გაეგზავნა მისთვის, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ ამის უფლება არ მისცა, პატიმრებს შორის ამგვარი კომუნიკაცია არ არის დაშვებულიო. ის, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანები ასეთი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს მხოლოდ მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.
მხნეობა და თავისუფლება ნინოს!“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
დღეს, 2 აგვისტოს, PHR-ის ადვოკატებმა, ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით პედაგოგი და აქტივისტი ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.
დათაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავებულ მასწავლებელს ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვს, მას აქვს მალებს შუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომია (და არა ცალკე დიაგნოზი) ემოციური ლაბილობა ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რომელიც ნინო დათაშვილს 2019 წელს აღენიშნებოდა. ადვოკატების განცხადებით, ამ საკითხზე აპელირებს პროკურატურა და ცდილობს ნინოს სტიგმატიზებას, რადგან საზოგადოებაში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე საუბარი უკვე იწვევს გარკვეულ განწყობებს ზოგადად ამ თემის მიმართ არსებული სტიგმების გამო. “ტირილი და ემოციის მატება არ არის დიაგნოზი ეს არის სიმპტომი, რომელიც ნინოს ხერხემლის პრობლემებს ახლავს თან”, – აცხადებენ ადვოკატები.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინოს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს.
ნინოს სასამართლო 7 აგვისტოს არის ჩანიშნული და იქ უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.
ადვოკატების განცხადებას დღესვე, 2 აგვისტოს, გამოეხმაურა პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა“ – წერს პროკურატურა.
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.