სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-ის დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე ინდოეთის და ჩინეთის ბაზრების გახსნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მათ გარეშე, დღეს სასტუმროების სექტორში „აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა“ იქნებოდა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე საუბრისას განაცხადა.
საგადასახადო შეღავათები, ახალ ბაზრებზე ადაპტაცია, მეტი სუბსიდირებული ფრენები და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – ეს ის ოთხი ძირითადი აქტივობაა რაც სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებლის აზრით, უნდა გატარდეს, რათა სასტუმროების სექტორმა გამოწვევებს უპასუხოს.
„საქართველოში, შემომყვანი ტურისტული კომპანიები დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებულია და ასევე, აქვთ დღგ-ის ჩათვლის უფლება. რაც შეეხება სასტუმროებს, მათ ოთხი ძირითადი ხარჯი აქვთ – სახელმწიფო გადასახადები, კომუნალური გადასახადები, სახელფასო ფონდი, ე.წ. Product Costs [სერვისის თვითღირებულება]. ამ ოთხი კომპონენტიდან, ბოლო წლებში კომუნალური გადასახადები რამდენიმე თეთრით გაძვირდა. ასევე, სახელმწიფო გადასახადების და სახელფასო ფონდის წილი კრიტიკულად იზრდება 2019 წლის შემდეგ – ვგულისხმობ იმას, რომ რადგან 2019 წელთან შედარებით, სახელფასო ბიუჯეტი გაიზარდა, დაახლოებით, 42%-ით, გაიზარდა საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის მოცულობაც, შესაბამისად, ეს დიდ გავლენას ახდენს ჯამურ ხარჯებზე. ამდენად, თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო გარკვეული შეღავათების შემოღებას მოახერხებს, ეს ჰოსპიტალითი სექტორს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, იმ სასტუმროებს, რომელთაც საბანკო კრედიტების მომსახურება უწევს“, – თქვა საქართველოში 6 სასტუმროს მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა.
„KA ჯგუფის“ დამფუძნებელი, რომელიც სამ სასტუმროს ერევანშიც მართავს, ამბობს, რომ სასტუმროების დატვირთვის გაზრდისთვის საჭიროა, როგორც კიდევ უფრო მეტი სუბსიდირებული ავიარეისების დანიშვნა, ისე ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა და ადაპტაცია.
„მთავარია, სწრაფად ადავპტირდეთ, რომ ბიზნესმა სტაბილური განვითარება განაგრძოს. 2023 წლიდან, როდესაც ჩინეთის და ინდოეთის ბაზრები გაიხსნა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, მოვრგებოდით; ინდოეთის და ჩინეთის ბაზრების გარეშე, დღეს, სავალალო მდგომარეობა გვექნებოდა [სექტორში]. სურვილი ბუნებრივია, მაგრამ ამ ბაზრებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიღებას წლები დასჭირდება, რადგან ცნობადობა ერთ ან ექვს თვეში ვერ გაიზრდება; როდესაც ახალი ტურისტული მიმართულება ხარ, პირველ რიგში, ცდილობ, დაბალბიუჯეტური მოგზაურები მოიზიდო… მით უმეტეს, ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, რამდენად მზად ვართ, ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორებს სათანადო სერვისი შევთავაზოთ, რაც მოიცავს ყველაფერს – ინფრასტრუქტურით დაწყებული, მომსახურებით დამთავრებული“, – აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აზიური ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების და ევროპელი მოგზაურების ქცევა, მათ შორის, ხარჯვის ქცევა, განსხვავებულია.
„აზიელებს დაუგეგმავი დანახარჯები ნაკლებად ახასიათებთ, განსხვავებით ევროპიდან ჩამოსული მოგზაურებისა. მაგალითად, ინდოელი ტურისტების 99% ცდილობს თავის კვების ობიექტში იაროს ან წინასწარ აქვს მოთხოვნა, რომ თავისი კვება ჰქონდეს; ისინი ქართული ავთენტიკურობით არ ინტერესდებიან, არადა ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნიშა სწორედ ავთენტიკურობაა. ვისურვებდი, ჩვენი ქვეყნის შესახებ ამ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კიდევ უფრო მეტი კამპანია იყოს“, – განაცხადა „KA ჯგუფის“ დამფუძნებელმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში „KA ჯგუფის“ დამფუძნებელმაც გაიმეორა ის, რაც ბოლო წლებში არაერთ ჰოტელიერს უთქვამს, რომ მაღალი კონკურენციის გამო, არაერთი სასტუმრო დაიხურა ან პროფილი შეიცვალა.
„უკვე ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ პატარა სასტუმროები გადაკეთდნენ საოფისე ფართებად, რადგან ვერ გაუძლეს კონკურენციას“, – თქვა მან.
