მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი, NCTS-ის მეშვეობით საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები 36 ქვეყანასთან.
იმისთვის, რომ ერთი დეკლარაციით ტვირთი აღნიშნულ ქვეყნებში გადაადგილდეს, ამისთვის ეს სისტემა 15 მაისიდან საქართველოზე გამავალი ტვირთებისთვის, 1 ივლისიდან კი საქართველოზე ტრანზიტულად გამავალი ტვირთებისთვის ქართული გარანტიების წარდგენის ვალდებულებას აწესებს.
სახმელეთო გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებით აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამ პრობლემები შექმნა, რადგან ერთის მხრივ თითზე ჩამოსათვლელია იმ ლიცენზირებული აგენტების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ შესაბამისი დეკლარაცია გასცენ, მეორეს მხრივ კი გადამზიდავებისთვის რთულად მოსაპოვებელია მოთხოვნილი ფინანსური გარანტიები, რადგან როგორც სადაზღვევო კომპანიები, ისე საფინანსო ინსტიტუტები პროდუქტის რისკიანობის გათვალისწინებით თავს იკავებენ შესაბამისი გარანტიების გაცემისგან.
„პრობლემაა გარანტიების რესურსის საკითხი, პრობლემად რჩება არასაკმარისი აგენტების საკითხი, თუმცა ამასაც თავისი გამართლება აქვს, რადგან ყველა ვერ შეძლებს ასეთი ლიცენზიის მოპოვებას, ზუსტად იგივე მიზეზის გამო, რომ გარანტიების წარდგენას ვერ მოახერხებს. ფული გაქვს თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბანკმა ან სადაზღვევო კომპანიამ უნდა მოგცეს გარანტია, ეს სისტემა ასე მუშაობს. ეს ყველაფერი იწვევს შეფერხებებს.
დეკლარაციის გაკეთება შეიძლება საბაჟოზეც, რომ მიხვიდეთ დეკლარანტთან მიუტანო საბუთები და იქ დაგიბეჭდონ დეკლარაცია, მაგრამ მერე სადაზღვევოს ან ბანკს უნდა მივწერო, მერე იმან უნდა იფიქროს 2-3 დღე რომ დამიდასტუროს, გარანტია მომცეს. საუბარი შეიძლება იყოს სულ 10 000 ლარზე. გარანტია რომ მოგცეს უზრუნველყოფაში რამე უნდა ჩაუდო ან ფული გაუყინო.
იდენტური შეკითხვები მოდის სადაზღვევოებიდან და ბანკებიდან, ისეთ რაღაცას კითხულობენ თითქოს ჩვენი კომპანია იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა ამოწმებდეს ყველაფერს. ჩვენ ვართ ლოგისტები და ტვირთი გადაგვაქვს ერთი პუნქტიდან მეორეში. მე სად უნდა შევამოწმო ან ჩინელი ექსპორტიორის კომპანიის სანდოობა ან ევროპაში მიმღები კომპანიის სანდოობა მით უმეტეს როცა საკითხი ეხება აზიიდან ევროპაში მიმავალ ტვირთებს. ისეთ საკითხებს და შეკითხვებს სვამენ, თავიდანვე განწირულია რომ ჩვენ ბანკთან შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა – გარანტიების ხელმისაწვდომობა და ღირებულება“,-აცხადებს გიორგი ზუმბაძე, SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი.
საბანკო ასოციაცია ბიზნესის საპასუხოდ განმარტავს, რომ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი უკვე ჩაერთო აღნიშნულ სისტემაში და გასცემს საბანკო გარანტიებს, თუმცა ყველა შემთხვევაში ბანკები ხელმძღვანელობენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობით, რის საფუძველზეც გარანტიის გაცემამდე მოითხოვება ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ტვირთის წარმომავლობასთან.
„გარანტიებს რამდენიმე დიდი ქართული ბანკი გასცემს, შესაბამისად ყველაფერი დაკავშირებულია კანონმდებლობასთან, რომ იქნეს დაცული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობა აუცილებლად, რადგან თითოეულ კლიენტზე ჩვენ ვიცოდეთ ბოლო ბენეფიციარი ვინ არის, ვინ არის შენი კლიენტი, შესაბამისად ყველა ამ პროცედურის შეთანხმების და გავლის შემდეგ საბაჟო დეპარტამენტთან მიმართებით ისინი შეძლებენ უკვე გარანტიების გაცემას“,-აცხადებს დავით რუსია, საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.
