დეველოპერული სექტორის დაკრედიტება ძალიან შენელებულია… ბანკები უნდა გააქტიურდნენ – „იბერკომპანი“ (bm.ge)

დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებს სექტორის მიმართ მიდგომა კვლავ გამკაცრებული აქვთ, რამაც დარგის დაკრედიტების შენელება გამოიწვია.
როგორც BMG-სთან „იბერკომპანის“ დირექტორი, ლევან დიასამიძე აცხადებს, თუკი ბანკები ამ მიმართულებით არ გააქტიურდებიან, ეს სამომავლოდ დარგისთვის გამოწვევა იქნება, რადგან კომპანიებს ახალი პროექტების მშენებლობა დროში გაეწელებათ ანდაც შესაძლოა, გარკვეული პროექტები გაჩერდეს კიდეც.
“დღეის მდგომარეობით, დეველოპერული სექტორის კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებით ძალიან შენელებულია პროცესები. ვერ ვიტყვი, რომ გაჩერებულია, თუმცა ძალიან შენელებულია. სესხები, რომლებიც დამტკიცებული იყო, ჩაშვებულია და სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, აქ შეჩერება არ მომხდარა, მაგრამ ახალი პროექტების განხილვა ფაქტობრივად არ ხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულამდეა დასული ან ხდება მხოლოდ მსხვილი დეველოპერების შემთხვევაში, რაც ზოგადად ბაზრისთვის საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის.
შესაბამისად, ეს შეზღუდვა გამოიწვევს რას? ერთი მხრივ, პროექტები შენელდება და კომპანიები გაყიდვებზე დამოკიდებულები გახდებიან. მოუწევთ, რომ გაყიდვების პარალელურად აშენონ, რაც გარკვეულწილად პროექტების დროში გაწელვას გამოიწვევს. მეორე მხრივ, დაკრედიტების არარსებობა ზოგიერთ პროექტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შესაძლოა, გაყიდვები სათანადოდ ვერ წავიდეს. არსებული დაკრედიტების და იმ ფასების ფონზე, რაც დღეს არის. ამიტომ გარკვეულწილად, ტურბულენტურ სიტუაციაში აღმოვჩნდით”, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.
„იბერკომპანის“ დირექტორის შეფასებითვე, დეველოპერული სექტორისთვის ასევე გამოწვევაა იპოთეკურ სესხებზე გაზრდილი განაკვეთები. ლევან დიასამიძის თქმით, არსებული გამოწვევების ერთობლიობა იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე შენელების ტენდენცია დაფიქსირდეს.
“მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთების კლება. არ ხდება ქვეყანაში არაფერი ისეთი კატასტროფული და ისე მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი რისკები, როგორც დღესაა [იპოთეკური სესხები გაძვირებული]. 13%-ს აღწევს ამ დროისთვის განაკვეთი და ეს ბოლო 8 თვეში 1.5-2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაფრის ერთობლიობა მაფიქრებინებს, რომ გარკვეულწილად შენელება გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა დროზე დაიწყონ დაკრედიტება და უფრო აქტიურად ჩაერთონ დეველოპმენტის კუთხით ეკონომიკურ ზრდაში”, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.