ბიზნესი სულ უფრო მეტად აფასებს მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს, რაც მათი პროდუქტის გაყიდვებზე აისახება, – ამის შესახებ უმაღლესი ხარისხის სტატიკური 3D დიზაინებისა და სარეკლამო რგოლების შემქმნელი კომპანია Corner Studio-ს დირექტორმა თემო მუმლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 3D ანიმაციისა და ვიზუალური კონტენტის შექმნაზე ინტერესი თანმიმდევრულად იზრდება და კომპანიის ძირითადი მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესები, სარეკლამო სააგენტოები და მსხვილი კომპანიები არიან.
“კომპანია უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე წამყვან ქართულ ბრენდთან, გავაკეთეთ რამდენიმე წარმატებული სარეკლამო კამპანია და დავამყარეთ მყარი პარტნიორული ურთიერთობები. მომხმარებელთა უკუკავშირი პოზიტიურია.
კომპანიების გარდა, ჩვენი მომხმარებლები ფიზიკური პირებიც არიან, რომლებიც გარკვეული პროექტებისთვის გვიკავშირდებიან”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.
რაც შეეხება Corner Studio-ს სამომავლო გეგმებს – თემო მუმლაძე განმარტავს, რომ მათი მიზანი არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისება, არამედ უცხოურ ბაზრებზე გასვლაა.
“ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე წამყვანი კომპანიისთვის მორგებულ 3D კამპანიებზე, ასევე ვავითარებთ 3D მონიტორებისთვის სპეციალიზებულ კონტენტს. ჩვენი გეგმა მოიცავს უცხოურ ბაზრებზე გასვლას. უკვე გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო კონტაქტი და ვმუშაობთ პორტფოლიოს ადაპტაციაზე გლობალური აუდიტორიისთვის”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, Corner Studio არის 3D ანიმაციისა და ვიზუალური კონტენტის შექმნაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. კომპანიის მიზანი ბიზნესისთვის ინოვაციური და ეფექტური ვიზუალური კომუნიკაციის შექმნაა. შესაბამისად, Corner Studio მომხმარებლებს მაღალი ხარისხის 3D ანიმაციებს, მოძრაობის გრაფიკას (motion design), პროდუქტების ვიზუალიზაციას და სარეკლამო რგოლებს სთავაზობს, რომლებიც ბრენდების აღქმას და გაყიდვებს აუმჯობესებს.
