თბილისში ავტობუსები ზაფხულის რეჟიმით 15 სექტემბრის ჩათვლით იმოძრავებენ

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმით გადაადგილდება, რაც იმას გულისხმობს, რომ გაზრდილია მოცდის დრო და შემცირებულია ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა.
ავტობუსები ზაფხულის რეჟიმზე 28 ივნისიდან იმყოფებიან, რაც 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ რიგ მიმართულებებზე განრიგი არ შეცვლილა და ავტობუსები ჩვეული გრაფიკით დადიან. მათივე თქმით, ყველა მარშრუტს ინდივიდუალური გრაფიკი აქვს.
რაც შეეხება მეტროს. ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე იმოძრავებს. ინტერვალები ყველა მეტროსადგურში გაზრდილია. პირველ ხაზზე დაყოვნების დრო 1,5 წუთი იყო, ზაფხულის რეჟიმში კი 3 წუთია. საბურთალოს ხაზზე, სადაც დაყოვნების დრო 3 წუთი იყო, ახლა 4 წუთია.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე ყოველ წელს გადადის. სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირებას უკავშირდება.