საკუთარი ქმედებებით იმდენად ჩამოსცილდა „ქართული ოცნება“ ევროპული ღირებულებების სისტემას, რომ საუბრის ყოველგვარი ნიადაგი მოსპო – არის სამი მაგიური სიტყვა: კანონები, პატიმრები, არჩევნები. არცერთ ამ მიმართულებით კომპრომისის მიღწევის სურვილს „ქართული ოცნება“ არ ავლენს, შესაბამისად, ვერ იხსნება პოლიტიკური სივრცე მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ევროპული სტრუქტურები „ქართულ ოცნებას“ დეპეშებს უგზავნიან იმის ნაცვლად, რომ ესაუბრონ.
მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ ევროპასთან პოლიტიკური დიალოგის რეალური სურვილი აქვს, მის დასაორგანიზებელად შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ასევე, ბრიუსელში საქართველოს ელჩი.
„დასავლეთთან დაპირისპირება შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, ჩვენი მდგომარეობის ძალიან სერიოზული გართულებით დასრულდეს. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი მყარი გარანტი არის დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების მაღალი ხარისხი და კონკრეტულად, სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხი აშშ-სა და ევროპასთან. ამერიკასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ქარტია, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკელების მხრიდან არის შეჩერებული. ევროპელებთან გვაქვს კანდიდატის სტატუსი და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ასევე დიდწილად არის შეჩერებული. მეტიც, ახლა საფრთხეშია ვიზალიბერალიზაციაც. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული, ის არის მერყევი. რუსეთის მიმართ, რომელიც ძალიან მკაფიოდ გვეუბნება ჩვენ, რომ 2008 წლის შედეგები არ გადაიხედება და წერტილი, აგრძელებს თანმიმდევრულად რაღაც რევერანსებისა და შერბილების პოლიტიკას. „ქართულ ოცნებაში“ არანაირი ზომები არ მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი ფრენები დაწესდა, რკინიგზის მიმოსვლა და ა.შ. არაფერს ვაკეთებთ მცოცავი ოკუპაციის შეჩერების თვალსაზრისით. ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, მკვლელობები და ა.შ. მეორეს მხრივ, ჩვენი პარტნიორების მიმართ, მუდმივად იმეორებენ იმას, რომ თანმიმდევრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორი მკაცრი განცხადებაც არ უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული ნებისმიერ დონეზე, კრიტიკის შემდეგ ბოლო ფრაზები აუცილებლად არის ის, რომ ევროპა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობებს ვაუარესებთ, რუსებთან რევერანსების პოლიტიკას ვაგრძელებთ. როგორ შეიძლება ამ პოლიტიკამ საქართველოს რაიმე სიკეთე მოუტანოს?!
დიპლომატიაში არის დრო განცხადებების და არის დრო ქმედებების. საკუთარი ქმედებებით იმდენად ჩამოსცილდა „ქართული ოცნება“ ევროპული ღირებულებების სისტემას, რომ ყოველგვარი ნიადაგი მოსპო საუბრის და ამას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს თავის პოზიციებში ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით. ამასთან ერთად, არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების არხები. რომ შედგეს რაღაც უმაღლეს ან მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგი, ის უნდა იყოს მომზადებული. ამისთვის არსებობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს ელჩი ბრიუსელში. შესაბამისად, ამ არხების გამოყენება შეიძლება საიმისოდ, რომ ეს დიალოგი მომზადდეს თუ ამის რეალური სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, იმიტომ, რომ არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული ამასთან მიმართებით. აქ არის სამი მაგიური სიტყვა: კანონები, პატიმრები, არჩევნები. არცერთ ამ მიმართულებით კომპრომისის მიღწევის სურვილს „ქართული ოცნება“ არ ავლენს, შესაბამისად, ვერ იხსნება პოლიტიკური სივრცე მოლაპარაკებებისთვის.
რაც შეეხება ბრიუსელის შედარებას საბჭოთა კავშირთან, ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა კაცი და არ უცხოვრია მას საბჭოთა კავშირში, როგორც ზრდასრულ მოქალაქეს. ამიტომ იმისთვის, რომ კარგად გაერკვეს, რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის, სჯობს დაეკითხოს თუნდაც საკუთარ ოჯახში მამამისს, ბატონ გიორგის“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
