ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ამდენ დავას წააგებენ, ერთადერთი, ისღა დარჩენიათ, დისტანცირდნენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ განცხადებას ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ.
როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩართული იყვნენ საარბიტრაჟო დავის პროცესში.
„ჩვენი მხრიდან გავრცელდა განცხადება, რა გადაწყვიტა არბიტრაჟმა. საუბარი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო იყო მართალი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ინვესტორებს, მომჩივნებს. მათ ერთადერთი, რაც გააკეთეს, დაიწყეს მათი პარტნიორისგან თუ ყოფილი პარტნიორისგან დისტანცირება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამდენ დავას წააგებენ, ერთადერთი, ისღა დარჩენიათ, რომ დისტანცირდნენ. თითქოს მათი ინვესტორი, მათი პარტნიორი იყო ყველაფერში პასუხისმგებელი.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში, ალბათ, არ იტყვიან, რომ ამ განხილვებს ისინი, როგორც ტურისტები, ისე ესწრებოდნენ. აქამდე აცხადებდნენ, რომ 2 საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდნენ დავას და დღეს, გადაწყვეტილების შემდეგ დისტანცირება ნიშნავს იმას, რომ ეს მარცხი მათთვის ძალიან მტკივნეულია“,- განაცხადა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა“.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა. დღეს, ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა; ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა, მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ ის რაიმე პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ასევე, ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად, მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. ალბათ, უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
