უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ქართველი საავტომობილო გადამზიდველები სირთულეების წინაშე დადგებიან – TCRC 6 ბარიერს ასახელებს

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) იმ ბარიერებს ასახელებს, რომლის წინაშეც ქართველი გადამზიდველი მძღოლები სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში აღმოჩნდებიან. კვლევითი ცენტრის განცხადებით, ევროკავშირის ვიზის მისაღებად მძღოლებს ექვსი დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ:
ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.
ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.
ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.
ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებულ დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ – გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.
ბარიერი მეხუთე – რიგ ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი – გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტახოგრაფის მონაცემების ჩათვლით.
ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი – გადამზიდველის ვიზის ხანგრძლივობა იქნება, არა უვადო არამედ შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.
წყარო: transcor.ge