„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი, წევრი დავით მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დააკავოს.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში. მჟავანაძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განეიტრალება ერთ-ერთი ამოცანაა.
„60-მდე პოლიტიკური პატიმარი გვყავს, მათ შორის არიან აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წევრები. სულაც არ იქნება ჩემთვის გასაკვირი, თუ ამას დაემატება სხვა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ხაბეიშვილი თუ მისი გარემოცვის ნაწილი. ვერ ვივარაუდებ, რის გამო შეიძლება ეს მოხდეს. აქამდე ყოველთვის აბსურდული მიზეზებით წავიდნენ პოლიტიკოსები ციხეში. ვიცით, რომ წულუკიანის კანტორაში გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს პოლიტიკოსები ციხეში. არ ვიცი, ხაბეიშვილთან მიმართებით რა იქნება, ის საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის სანდოობის თუ არასანდოობის ამბავს ვერ დავადასტურებ, თუმცა, ის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განეიტრალება ერთ-ერთი ამოცანაა, ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას შესაძლო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაუწყია, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
„ჩვენ უამრავჯერ გვინახავს „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. გადატრიალების საქმის გამოძიების დაწყება, ხან რა საქმე ერქვა და ხან რა მიზეზს იგონებდნენ. არასდროს ამ ქვეყანაში ოპოზიციას თუ კრიტიკულ ჯგუფებს არაფერი მსგავსი არ დაუგეგმავთ და არც განუხორციელებიათ. არც დაუჭერიათ არასდროს ამისთვის არავინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ და მით უმეტეს, არ არსებობს დღეს. გარკვეული პოლიტიკოსების განცხადებებს რაც შეეხება, ე ს არის მათი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი“, – განაცხადა მჟავანაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანი დღეა.
„პირიქით, 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელო იმ გაგებით, რომ ამ დღეს „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებად წოდებული ცირკის ჩატარებას აპირებს, რომელშიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ და ჩვენს გარდა კიდევ 7 პარტია და კოალიცია, მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. სამწუხაროდ, ამას არ უერთდება პარტია ‘“ლელო და გახარია“. სამწუხაროდ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ამ ყველაფრით, რადგან რაღაცნაირად ნორმალიზაციას ცდილობენ“, – განაცხადა მჟავანაძემ.
გარდა ამისა, მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა. მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ შექმნილია ღრმა კრიზისი და მიმდინარეობს შიდაკლანური დაპირისპირება“.
„ყველა ინდიკატორი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს იმ ძველი გავლენის ჯგუფების მასობრივი „წმენდა“, რომლებიც ხელისუფლებაში წლების განმავლობაში არსებობდა დაწყებული გომელაურიდან, გაგრძელებული ლილუაშვილით, მათ შორის კალაძესთან მიმართებითაც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვიცით, რა მოხდა რიჟვაძესთან მიმართებით და ა.შ. ეს არის მასობრივი შიდაკლანური დაპირისპირება. ამას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ვინმემ არ დაიჯეროს, რომ კორუფციას ებრძვიან ან კორუფცია აღმოიფხვრება“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მისი განმარტებით, ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წარმომადგენელი საერთო ჯამში ერთი სისტემის ნაწილია, რომლებიც კორუმპირებული არიან.
„ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია თავად ივანიშვილის ფაქტორი. ჩვენ კარგად ვიცით და ბევრი ინდიკატორი გვაქვს იმისა, რომ ეს კაცი არის პარანოიით შეპყრობილი. მას ჰგონია, რომ ფულს ჰპარავენ ჩინოვნიკები და მთავრობაში გავლენის აგენტები. მასობრივად დაერია ამ ხალხს. კარგად ვიცით, დაახლოებით რა თანხის მოტანას სთხოვს, ზოგს პროკურატურა ედავება ოფიციალურად, ზოგი კიდევ არაოფიციალური წყაროებით ვიცით, რა თანხების მოტანას ცდილობენ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კრიზისი, რაც „ოცნებაში“ ამ წუთას მიმდინარეობს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ქოლგით არის შეფუთული, რეალურად მოიტანა იმან, რომ უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოებაში გაუტეხელი პროტესტი მიმდინარეობს პოლიტპატიმრებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით გაგრძელებული, რომლებიც ციხეში ჩასხდნენ“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ.
მისი შეფასებით, ცხადია ისიც, რომ ხელისუფლებას ფინანსური კრიზისიც აქვთ, რადგან „მთელი დასავლური დახმარებები შეჩერდა იმის წყალობით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მტრად გამოაცხადა ევროკავშირი, აშშ და დამეგობრდა რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან.
„რა თქმა უნდა, გარკვეული დეფიციტი არსებობს, თუმცა, მგონია, რომ აქ პერსონალურად, ივანიშვილის ფაქტორი არის, მან დაიწყო ეჭვიანობა, გადაწყვიტა, რომ ის უფრო მეტად იჩაგრება ან სანქციებით, რომელშიც მოქცეულია მთელი სამთავრობო ისტებლიშმენტი და ეს არის მთავარი ფაქტორი“, – განაცხადა მჟავანაძემ.
