შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ მდგომარეობა ამ სეზონზე რთულდება. მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. ამასთანავე, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში, სკვერებში, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. მსგავსი ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე – https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge
ინფორმაციას თბილისის მერი ავრცელებს
