ბალტიის ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს კრემლთან დაპირისპირება – ისინი გრძნობენ ამ აბსოლუტურად ადამიანურ და გასაგებ სოლიდარობას და ცდილობენ, რომ თავი დავაღწიოთ ამ რუსულ წუმპეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ პირიქით, ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე,- ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქისთვის სავიზო სანქციების დაწესებას.
მელაშვილმა, ასევე, შეაფასა „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადება, რომ „ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს“. მისი შეფასებით, ამის „არანაირი დასაბუთება არ არსებობს“.
„ჩვენ და ბალტიის ქვეყნებს გვაქვს საერთო წარსული და ეს საერთო წარსული არის საბჭოთა ოკუპაცია, რეპრესიები, რომელიც იყო, ასევე, საბჭოთა კავშირის მიერ ქართული და ბალტიის ქვეყნების იდენტობის განადგურების მცდელობა. ეს არის რუსეთის მხრიდან წამოსული ჰიბრიდული თავდასხმები. ბალტიის ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს კრემლთან დაპირისპირება. ამიტომ, ისინი გრძნობენ ამ აბსოლუტურად ადამიანურ და გასაგებ სოლიდარობას. ისინი ცდილობენ, რომ თავი დავაღწიოთ ამ რუსულ წუმპეს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ პირიქით, ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე.
„ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობს, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და ა.შ. ამ გენიალური იდეის დასაბუთება ძალიან მაინტერესებს „ქართული ოცნების“ მხრიდან იმიტომ, რომ არანაირი დასაბუთება არ არსებობს. სამხედროს რომ ჰკითხოთ, რუსეთისთვის აქვს თუ არა აზრი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამას რომ გაიგებს, ყველა სამხედრო სიცილით მოკვდება. „ქართული ოცნება“ მუდმივად ამბობს ერთსა და იმავეს, რომ არ სურთ ომი, რომ ისინი არ ემზადებიან არანაირი სამხედრო კონფლიქტისთვის და ა.შ. ამ დროს, უცებ გვესმის, რომ ბალტიის ქვეყნები აპირებენ მეორე ფრონტის გახსნას. ეს სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე უბრალოდ კომიკურია“,- განაცხადა მელაშვილმა.
გიორგი მელაშვილმა შეაფასა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საფრთხეც და აღნიშნა, რომ „თუ „ქართული ოცნების“ პირობებში გაუქმებდა ვიზალიბერალიზაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ევროპულ გზას დაედო უზარმაზარი ლოდი და ამაზე პასუხისმგებელი, მხოლოდ და მხოლოდ, „ქართული ოცნებაა“. მისივე თქმით, ერთადერთი მხარე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, „ქართული ოცნებაა“.
„შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას აქვს კონკრეტული პირობები. ევროკავშირის მხრიდან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება და ანტიდასავლური რიტორიკის შეჩერება. შეერთებული შტატებისგან რა მოთხოვნებია წამოყენებული, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგივეა. ამ შემთხვევაში ერთადერთი მხარე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები გადავტვირთოთ, ისევ და ისევ „ქართული ოცნებაა“. მათი ქმედებების გამო ვართ ჩვენ კრიზისში, მათი ქმედებების გამო შეწყდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ როდესაც, სომხეთი გახდა შეერთებული შტატების პარტნიორი.
მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში სრულად იცვლება. თუ აქამდე აზერბაიჯანი ცდილობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ის საერთოდ ეხსნება რუსეთს. სომხეთთან იგივე. თურქეთი არასდროს არ იყო რუსული გავლენის სფეროში და პირიქით, დამოუკიდებელი მოთამაშეა კავკასიის რეგიონში. გამოდის, რომ ერთადერთი მოთამაშე კავკასიის რეგიონში, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმშია შესული, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს სიტუაცია არის საოცრად არამდგრადი, წარმოუდგენელიც კი. თუ საქართველო დაკარგავს დასავლეთის უსაფრთხოების მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში შეიქმნება ძალაუფლების ვაკუუმი და საერთაშორისო ურთიერთობების კანონია, რომ ძალაუფლების ვაკუუმი არასდროს არ რჩება. ის ყოველთვის ივსება სხვა რეგიონული ძალის მიერ. ჩვენს შემთხვევაში რომელი რეგიონული ძალა იქნება, მგონი, ძალიან მარტივი მისახვედრია“, – განაცხადა მელაშვილმა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსი გამოეხმაურა სუს-ის მიერ რამდენიმე, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირის დაკავებას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ ის ხედავს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ „სხვადასხვა დაჯგუფების დაპირისპირებას“.
„[ირაკლი ღარიბაშვილთან] შეიძლება მივიდეს, შეიძლება არა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დამოკიდებულება, როგორ გაწირა „ქართულმა ოცნება“ საკუთარი პირველი პირები, ადამიანები, რომლებსაც აქებდნენ და ადიდებდნენ. მეორე მხრივ, რამდენად ორპირობა გამოავლინეს“,- განაცხადა მელაშვილმა.
