საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა.
სუს-ის განცხადებით, ბრალდებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულს „მოტყუებით დაეუფლა“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ამ თანხის ნაწილი 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ მის ანგარიშზე ჩარიცხა.
„ამის შემდგომ ლ.ც. [განცხადებაში დაკავებული ინიციალებითაა მოხსენიებული რ.თ.] მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა“.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ნაციციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების შესახებ პარტიაში კომენტარი, ჯერჯერობით, არ კეთდება.
ლაშა ცანავასა და კიდევ 7 ადამიანის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დევნა გასული წლის აპრილშიც დაიწყო.
საქმე ეხებოდა 2009 წლის 15 ივნისს მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პროკურატურის თქმით, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ის თანამშრომლები, რომელთა შორის ლაშა ცანავაც იყო, აქციის მონაწილეებს ხელკეტისა და სხვა საშუალებებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მაშინ ლაშა ცანავა მედიასთან საუბრისას ამბობდა, რომ მისთვის ბრალის წაყენება “წმინდა პოლიტიკური საკითხი” იყო:
“იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს მიხედონ და მოაგვარონ, ისინი, მე დაკითხვაზე მიბარებენ და მინდა, ვთქვა ერთი რაღაც – მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა”, – ამბობდა ის ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფორუმი