ევროკავშირი სარკინიგზო – საავტომობილო ქსელების მოდერნიზებას გეგმავს

ევროკავშირის ხელისუფლება წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რკინიგზისა და საავტომობილო ქსელების მოდერნიზებას აპირებს, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში ჯარისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო „კვირებიდან და თვეებიდან რამდენიმე საათამდე, მაქსიმუმ, დღეებამდე“ შეამციროს. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ აპოსტოლოს ციციკოსტასმა Financial Times-ს (FT) განუცხადა.
მისი თქმით, ევროპის ამჟამინდელი სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც ალიანსის ტერიტორიაზე ჯარის გადაყვანის საჭიროების გაუთვალისწინებლად აშენდა, კონტინენტზე ტანკების, ქვეითი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტვირთის სწრაფი ტრანსპორტირებისთვის შეუფერებელია. მაგალითად, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე ტრანსპორტირებისას სამხედრო ტექნიკა გვირაბებში გაიჭედება, ხიდები ჩამოინგრევა და სასაზღვრო ბიუროკრატიულ პროცედურებში ჩაიხლართება.
„ჩვენ გვაქვს ძველი ხიდები, რომლებიც მოდერნიზაციას საჭიროებს. გვაქვს ვიწრო ხიდები, რომლებიც გაფართოებას საჭიროებს და გვაქვს ხიდები, რომლებიც საერთოდ უმოქმედოა,“ – ამბობს ციციკოსტასი.
ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებისას ევროკომისარმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროპის გზებზე მოძრავი სატვირთო ავტომობილი, როგორც წესი, 40 ტონამდე იწონის, მაშინ, როცა ტანკის წონა 70 ტონამდეა.
ევროკავშირის ტრანსპორტის უწყება კონტინენტზე არსებული ოთხი სამხედრო დერეფნის გასწვრივ სულ 500 ინფრასტრუქტურული ობიექტის მოდერნიზაციას გეგმავს. ამ კვანძების რეკონსტრუქციის პროექტი საიდუმლოების გამო არ სახელდება და NATO-სა და ალიანსის სამხედრო სარდლობასთან ერთად შემუშავდა. ამასთან, ბრიუსელი აპირებს, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე სამხედრო ტექნიკის გავლასთან დაკავშირებული „ქაღალდის ბიუროკრატია“ შეამციროს.
ციციკოსტასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციის პროგრამისთვის 17 მლრდ ევრო უნდა გამოიყოს. თუმცა ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ 2028-34 წლების ევროპული ბიუჯეტის წინ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების დროს ტრანსპორტის კომისიის მიერ გამოცხადებული 17 მლრდ ევროს ოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება.