ვოლსკი: გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი ცუდ საქმეშია ჩართული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება უნდა გაჩერდეს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მასშტაბური კორუფცია ქვეყნის ღალატს უტოლდება და არავის მიმართ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი — მათ შორის არც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით.
„კორუფცია იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიც არის ქვეყნის ღალატი — რა გვარის და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება!“ — განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს არ არის კლანური დაპირისპირება, როგორც ამას ოპოზიცია აჟღერებს, არამედ საქართველოს ინტერესების დაცვა კორუფციის წინააღმდეგ. „არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეხება თუ არა პასუხისმგებლობა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გამოძიება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ფიგურის მიმართ.
„არავინ უყურადღებოდ არ დარჩება… პირადად მე გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებამ წესები უნდა დაარღვიოს. თუკი საჭიროა გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილის თუ ვისიც გინდა, გამოკითხვა, ამაზე გამოძიება უკან არ დაიხევს“, — განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსნებთ, 27 ივლისს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე გაავრცელა.
ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავიც.