„ვიზის შემოღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოგზაურობა გაძვირდება, თუმცა არ მგონია, ფასებმა დიდად მოიმატოს,“ – ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა და კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ვიზის შემოღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოგზაურობა გაძვირდება, თუმცა არ მგონია, ფასებმა დიდად მოიმატოს. თუ სწორედ მახსოვს, ვიზის ღირებულება 35-40 ევრო იყო, თუ ქვეყანას სავიზო ცენტრი ჰქონდა, იქაც 27-30 ევრო იყო გადასახადი, მთლიანობაში დაახლოებით 60-70 დოლარიანი სხვაობაა. ახლა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დამატებითი თანხა რომ იქნება, ფაქტია,“ – განაცხადა კელაურიძემ.
მისივე თქმით, სავიზო შემოღების შემთხვევაში, ცვლილება შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში მარტივად ვეღარ წავლენ, მაგრამ ჩამომსვლელები კვლავ ჩამოვლენ და ეს ფაქტი არ შეიცვლება.
„ოქტომბრის ბოლომდე მიღებული გვაქვს ჯავშნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ტურისტულ სეზონს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, საუბარია უცხოეთიდან მომავალ ტურისტებზე. უბრალოდ ჩვენ, ქართველებს გაგვიჭირდება უცხოეთში სიარული. როგორც უვიზო რეჟიმის შემოღებამდე დავდიოდით, რაღაცნაირად ვახერხებდით, ვიღებდით ვიზას, ისე იქნება ახლაც,“ – განაცხადა მამუკა კელაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ევროკომისიის წერილი, რომელშიც თბილისისგან 8 პუნქტის შესრულებას ითხოვენ. ბრიუსელი თბილისისგან ცვლილებებს აგვისტოს ბოლომდე ელოდება. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, თუ რა ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში.
