თავდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანსა და ყოფილი მინისტრის “ახლო ნათესავს” ბრალი უკვე წარუდგინეს.
მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიუჯეტის გაფლანგვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საუბარია ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეზე, გიორგი ხაინდრავაზე, ბურჭულაძის “ახლო ნათესავზე” და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე. პროკურატურის ვერსიით, მათი დანაშალებრივი ქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




