სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ობიექტებში, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს. შედეგად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მოწმობს სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
