ახობაძისა და გიგაურის განაჩენების გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო

პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის და ანატოლი გიგაურის განაჩენების გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ მხარეებს მოულოდნელად აცნობეს.
· ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის განაჩენი მოსამართლე რომეო მიქაუტაძეს დღეს, 10:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა;
· ანატოლი გიგაურის საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას კი – ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ.
ახობაძის ადვოკატს, ლაშა ცუცქირიძეს, გუშინ, 27 ივლისს, სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ განაჩენის გამოცხადების თარიღს მოგვიანებით აცნობებდნენ. იგივე ადვოკატი იცავს ანატოლი გიგაურის უფლებებსაც.
„ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მინიმუმ იქამდე, სანამ არ გამოცხადდება განაჩენი როგორც ახობაძის, ისე გიგაურის საქმეზე“, – თქვა ადვოკატმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდებულ ანატოლი გიგაურს სხდომაზე უთხრა, რომ „დანარჩენი საკითხები მოინიშნეთ და ვრცელი განმარტების საშუალება გექნებათ ამისთვის. დღევანდელი სხდომა დასრულებულია, მომდევნო სხდომის თარიღს შეგატყობინებთ“.
· ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. გამოძიების ფორმულირებით, იგი თავს დაესხა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა. ანატოლი გიგაურს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის საქმეში არ არსებობს ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.