რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ქართულ ოცნებას შეეხო.
ზატულინის თქმით, საქართველო ამჟამად მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან რუსეთთან “თბილი” ურთიერთობის აღდგენა ოკუპირებული ტერიტორიების გამო არ შეუძლია.
“რაც შეეხება საქართველოს, გასაგებია, რომ საქართველო არსებულ სიტუაციაში მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან, ერთი მხრივ, არ შეუძლია რუსეთთან დაახლოება, ძველებურ გულთბილ დროში დაბრუნება, რადგან ჩვენს შორის არსებობს ისტორია, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს არცერთი ხელისუფლება მზად არაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიებზე უარი თქვას.
განსხვავება იმაშია, რომ თუ სააკაშვილი ამის გადაჭრას 2008 წელს ელვისებური გამარჯვების კამპანიით ცდილობდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს გამონახოს რაღაც სხვა გზები იმისთვის, რომ, ასე თუ ისე, აფხაზეთი და ოსეთი დაბრუნებაზე დაიყოლიოს. თუმცა აფხაზეთსა და ოსეთს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. დაბრუნება, საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარის თქმა არ უნდათ. ისინი თვლიან, რომ ისტორიის გარკვეულ საუკუნეებში გამოუჩნდათ ასეთი შანსი, ისინი მისთვის ყველანაირად იბრძვიან და ებღაუჭებიან, განსაკუთრებით, აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში საერთოდაც საქართველოსთან კი არა, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება უნდათ, რათა საბოლოოდ შეიქმნას საერთო ოსეთი, თუნდაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაგრამ ერთიანი, საზღვრით განუყოფელი.” – თქვა ზატულინმა.
“რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, როცა საქმე ეხება საქართველოსთან დაახლოებას.” – დაამატა ზატულინმა.
რუსეთის დუმის დეპუტატის მტკიცებით, დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას სთხოვს. მისი თქმით, ამას “ქართველი პოლიტიკოსებიდან ვიღაც მცირე ხნის წინ ამბობდა”. ზატულინის მტკიცებით, ომის დაწყების სანაცვლოდ საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი არ შეუჩერონ ან NATO-ში მიიღონ.
“ამის (რედ. – რუსეთთან ომის დაწყების) სანაცვლოდ დასავლეთი მას (საქართველოს) შეაქებს, შეუნარჩუნებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველგან, ყველანაირ პლატფორმაზე ილაპარაკებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია და დაიწყებენ გზების ძებნას, როგორ დაეხმარონ საქართველოს უფრო ეფექტიანად, არ ვიცი, მაგალითად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, საქართველოს კიდევ სადმე გაწევრიანება. რაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიზანია – ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა.” – თქვა რუსმა დეპუტატმა.
ზატულინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ქართული ოცნების მმართველობით NATO-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
“თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლებით საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა უნდა დაივიწყოს. ეს მეტასტაზები კი ღრმად ფესვგადგმულია და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის ბავშვებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა ასეთი აყალმაყალი გასულ წელს? რადგან მიიღეს კანონი, ამერიკულიდან გადაწერილი, უცხოეთის აგენტების შესახებ… პირდაპირ გადაწერილი ამერიკული [კანონიდან], რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოქმედებს. რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს. ამიტომაც, პირდაპირ, ეს ხელისუფლება დაადანაშულეს, რომ დასავლეთის მტრები არიან…” – თქვა დუმის დეპუტატმა.
რუსი დეპუტატი ირწმუნება, რომ ქართველებსა და ქართულ პროდუქტს არსად მიიღებენ ისე, როგორც რუსეთში, რაც, მისივე მტკიცებით, ქართველებმა გაიაზრეს და ქართული ოცნებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი გახდა.
“საქართველოში გარკვეული დასკვნა გამოიტანეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან – გაიაზრეს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს, რომ რუსეთის გარდა საქართველოს პროდუქტსა და თავად ქართველებს არსად მიიღებენ. ეს მმართველი პარტიისთვის ნაყოფიერი ნიადაგია.” – თქვა რუსმა პოლიტიკოსმა.
ზატულინი ირწმუნება, რომ ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ქალაქის გარკვეული საშუალო კლასი მონაწილეობდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ამ პროცესისადმი გულგრილადაა განწყობილი.
“გაჩნდა ასეთი ქალაქის საშუალო კლასი, რომელიც ქართულ ვარიანტში, თავისთავად, არის საშუალო კლასი ყველანაირი რევოლუციის, მაიდანებისა და ყველაფერი დანარჩენის შესასრულებლად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამას აბსოლუტურად ინდიფერენტულად უყურებს. თავისთავად, ესაა მიზეზი, რომლის მეშვეობითაც მმართველი პარტია მმართველობას აგრძელებს. თუმცა ქართული ინტელიგენციის გარკვეული აფორიაქებული ნაწილის ჭკუაში ეს ჯვაროსნული ლაშქრობის სახეს იძენს: “აი, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში, ან ვაგრძელებთ რუსეთთან მეზობლობას, ჩვენ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ სადმე შტატ ჯორჯიასთან. აი, იქნება საქართველო და იქვე შტატი ჯორჯია, ერთი ჯორჯია და მეორე ჯორჯია”.” – თქვა რუსმა დეპუტატმა.