დღეს, 28 ივლისს დილით ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის აეროპორტში დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც პირველი რეისი შეასრულა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან.
რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების განმტკიცება გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარების პასუხად.
მოსკოვი-ფხენიანის პირველი ავიარეისი რუსული ავიაკომპანიის, Nordwind-ის თვითმფრინავმა შეასრულა. ამ და სხვა რუსულ ავიაკომპანიებს დასავლეთის სახელმწიფოებში ფრენა აკრძალული აქვთ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ფხენიანში პირველი ავიარეისი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან შეასრულა თვითმფრინავმა Boeing 777-200ER, რომელიც 440 მგზავრზეა გათვლილი. უცნობია, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა პირველი ავიარეისით.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველი თვითმფრინავით ფხენიანში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი ხელმძღვანელობს. ფხენიანიდან მოსკოვისკენ რეისი 29 ივლისს შესრულდება. Nordwind-ის თვითმფრინავი მოსკოვიდან ფხენიანში და პირიქით თვეში ერთხელ იფრენს.
დღემდე პირდაპირ ავიარეისებს ფხენიანიდან რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკისკენ და პირიქით, ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo ასრულებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ავიამიმოსვლა 2023 წლის აგვისტოდან განახლდა.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის 2024 წლის დეკემბრიდან განახლდა პანდემიის გამო შეწყევეტილი სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლაც ხასანი-ტუმანგანის მარშრუტით, 2025 წლის ივნისიდან კი სამგზავრო მატარებლებმა მიმოსვლა დაიწყეს მოსკოვსა და ფხენიანს შორისაც.
ფორუმი
