თუშეთში ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია, – ასე აფასებს ტურისტულ ტენდენციებს BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თუშეთში მდებარე ტურისტული ობიექტის “შიოს ქვის სახლის” დამფუძნებელი, თამთა ჩაგოშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით საერთო ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელს ჯერ არ აჭარბებს, თუშეთზე ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით კი – საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან.
„ქართველებისთვის შიდა ტურიზმი ნაკლებად მიმზიდველია და საზღვარგარეთ დასვენებას ამჯობინებენ. ადრეც ძალიან ცოტა იყო ქართველი დამსვენებელი და წელსაც, უცხოელებთან შედარებით ცოტაა“, – აღნიშნა ჩაგოშვილმა.
მისი თქმით, მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, სასტუმრო ხშირად ვეღარ იტევს სტუმრებს, რის გამოც ვიზიტორების განთავსება მეზობელ სასტუმროებში უხდებათ.
„ამ ეტაპზე, 16 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად მეზობელი სასტუმროების დახმარება გვჭირდება. თუმცა, მიუხედავად მზარდი ინტერესისა, არ გვსურს საოჯახო სტილის დაკარგვა. გვინდა, რომ ყველა ტურისტს ის ხარისხი შევთავაზოთ, რაც აქამდე გვქონდა. ბევრი სტუმარი გვყავს ხოლმე რეკომენდაციით მოსული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ნდობის შენარჩუნება“, – განაცხადა მან.
ჩაგოშვილის ინფორმაციით, გერმანელი ვიზიტორები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეგმენტია თუშეთში. ის აღნიშნავს, რომ გერმანელები ხშირად ირჩევენ თუშეთის რეგიონს ლაშქრობებისა და მთაში მოგზაურობის ინტერესის გამო.
გარდა საცხოვრებლისა, „შიოს ქვის სახლი“ ტურისტებს მასტერკლასებსა და სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობას სთავაზობს, რაც სტუმრებს ადგილობრივ კულტურასთან და ცხოვრებასთან უშუალო შეხების შესაძლებლობას აძლევს.
თამთა ჩაგოშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა და უფრო კონკრეტულად, გზა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მისი თქმით, საკვები პროდუქტების მომარაგებისთვის, ტურისტულ ობიექტს ავტომობილის დაქირავება უწევს, რომლის მომსახურების ღირებულებაც 600 ლარია. აღნიშნული კი, პროდუქციის თვითღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს.
