რა სპექტაკლსაც დღეს ვუყურებთ, ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კლანური დაპირისპირება, – ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის დაკავებებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამჟამად “სუსში მოკალათებული” ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ბერაია, თავად იყვნენ თავის დროზე პასუხიმგებლები იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მართლზომიერად ყოფილიყო დახარჯული.
ის, რა სპექტაკლსაც დღეს ვუყურებთ, ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კლანური დაპირისპირება და ამას უკავშირდება მათ შორის თავდაცვის სამინისტროზე და ჯუანშერ ბურჭულაძეზე იერიში, მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის სავარაუდო კორუფიულ საქმეებზე მე თავად ვსაუბრობდი პარლამენტში, ისევე, როგორც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ყოფილა ამაზე. ამას მოწმობს მათ შორის ისიც, რომ ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ბერაია, რომლებიც დღეს სუსში არიან მოკალათებულები და თითქოს კორუფციას ებრძვიან, სწორედ ისინი იყვნენ ჯგუფში, რომელთა ვალდებულებაც ჰქონდათ, ეკონრტოლებინათ თავდაცვის ბიუჯეტის მართლზომიერი ხარჯვა, რაც ასე არ მოხდა, – ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგასენებთ, რომ დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.