ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან უყურებთ, ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის – ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ ერთმანეთთან ძიძგილაობის, შიდაკლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად იყენებენ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები ერთად არიან ჩაძირული კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში“.
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს სისტემა და რეჟიმი წლების განმავლობაში ჩამპალია კორუფციაში. მაგრამ ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან უყურებთ, ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის. ეს არის რეჟიმის შიდაკლანური დაპირისპირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავიხსენოთ, რომ როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები ერთად არიან ჩაძირული კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში. ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ ერთმანეთთან ძიძგილაობის, შიდაკლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად იყენებენ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
