„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გაჩაღებული ანტიკორუფციული კამპანია სინამდვილეში შიდაკლანური დაპირისპირების და ძალაუფლების გადანაწილების მცდელობაა.
„ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან უყურებთ, ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის. ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ ერთმანეთთან ძიძგილაობის, შიდაკლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავიხსენოთ, რომ როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები ერთად არიან ჩაძირული კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში,“ – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ყოფილი მინისტრის ნათესავი დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგეს.
