საქართველომ ფეისბუკს ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა 2023 წლის პირველ 6 თვეში

2023 წელს, პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს 47 თხოვნით მიმართა და ანგარიშების შესახებ ინფორმაცი მოითხოვა.
საუბარია კონკრეტული გამოძიების ფარგლებში მოთხოვნილ მონაცმებზე, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები Meta-ს მიმართავენ და ითხოვენ ინფორმაციას Facebook-ის ანგარიშებზე. ასევე შესაძლოა, რომ ინფორმაციის მოთხოვნა შეეხებოდეს Instagram-ს, Messenger-ს, Oculu-ს and Whatsapp-საც.
Meta-ს თანახმად, ასეთი მოთხოვნების უმრავლესობა ეხება სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა ძარცვა ან გატაცება.
Meta-ს ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, მთავრობის მოთხოვნები მიზნად ისახავს მომხმარებლების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოპოვებას, როგორიცაა: რეგისტრაციის თარიღი, მომსახურების ხანგრძლივობა, ასევე შეიძლება მოიძიონ მომხმარებლის IP მისამართი და მისი ანგარიშის შინაარსი.
მთავრობისგან მოთხოვნის მიღების შემდეგ, Meta ყოველი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განიხილავს. მოთხოვნის განხილვის შემდეგ შესაძლოა Meta-მ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვას ან დამატებითი არგუმენტაცია მოითხოვოს თუ ჩათვლის, რომ მოთხოვნა ზედმეტად ფართო ან ბუნდოვანია.
Meta-ს თანახმად, 2023 წელს, იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს მთავრობისგან 47 თხოვნა შევიდა. მათივე ცნობით, მთავრობის მოთხოვნების 93.62%- ის საფუძველზე გარკვეული მონაცემები იქნა მოძიებული.
Meta-ს მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნები გაზრდილია. მაგალითად, 2022 წლის იანვარ-ივნისში მთავრობამ Meta-ს 27 თხოვნით მიმართა, 2022 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით კი – 28 თხოვნით.
ამასთან, წინა წლებთან შედარებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ მთავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.
ამასთან, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მთავრობიდან Meta-ში ყველაზე მეტი მოთხოვნა შევიდა. კერძოდ, 2023 წლის პირველ 6 თვეში სომხეთის მთავრობამ 5 თხოვნით მიმართა, აზერბაიჯანის მთავრობისგან კი 15 მოთხოვნა შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”