„ბრაკონიერობის ელექტროშოკური ფორმებით განხორციელება დღის საათებში მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა ღამის საათებში ამას მაინც ახერხებენ“, – ამის შესახებ „M.A.P. მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ დამფუძნებელმა, გიორგი გიგაურმა, რადიოგადაცემაში „მწვანე ზონა“ განაცხადა.
გიგაურის თქმით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ორგანო „არაფრის მაქნისია“.
„აქვე, მინდა, უმკაცრესად გავაკრიტიკო გარემოს ზედამხედველობის სამსახური, არაფრის მაქნისები არ არიან! არაფერში გვეხმარებიან და როდესაც ჩვენს პატრულირებებს ვახორციელებთ, მათზე მხოლოდ ირონიულ კონტექსტში ვსაუბრობთ, ათასგვარი ხუმრობა გვაქვს.
დღესდღეობით, ბრაკონიერობაში ყველაზე უფრო დიდი მასშტაბებით ელექტროშოკურ აპარატს იყენებენ, რის საწინააღმდეგოდაც ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და შედეგებიც სახეზეა – დღის საათებში ელექტროშოკის გამოყენება მინიმუმამდე შემცირდა, რადგან თითქმის ყველა მდინარესა და ტბაზე დრონებით დავფრინავდით და ბრაკონიერებს ვაიდენტიფიცირებდით, შემდეგ ვაფრთხილებდით ან სოციალურ ქსელებში მათზე პოსტებს ვავრცელებდით.
ამ ფონზე, ღამის ბრაკონიერობა გახშირდა, ძირითადად, შიდა ქართლსა და კახეთში. ჩვენს გვაქვს 1 ცალი დრონი, რომლითაც ბრაკონიერთა იდენტიფიცირება ღამითაც შეგვიძლია, თუმცა, ყველა ვხვდებით, რომ 1 დრონი მთელ საქართველოს ვერ ეყოფა და კიდევ უფრო მეტი რესურსია საჭირო“, – აღნიშნა გიგაურმა.
