რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია უკრაინელმა მეტოქემ დაამარცხა

რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია საქართველოში, თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელმა მეტოქემ ბატასკოვა იულიამ დაამარცხა.
სახელგანთქმული მოფარიკავე მაიორის წოდებით მეორე რაუნდში დამარცხდა, მინიმალური ანგარიშით – 14:15.
„დღეს თბილისში, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქოს ერთი შეხედვით, უბრალოდ სპორტული ორთაბრძოლა შედგა. მაგრამ ნახევარი საათის წინ, ხმლის ერთი მოქნევით, მოხდა რაღაც მეტიც – ძალადობის წინააღმდეგ თქმული ხმა გაისმა.
უკრაინელმა სპორტსმენმა, ბაკასტოვა იულიამ დაამარცხა სოფია ველიკაია — ს არმიის მაიორი, ქალი, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი პუტინის რეჟიმს.
ეს გამარჯვება იყო წუთიერი, მაგრამ ნათელი პასუხი უსამართლობაზე. ეს იყო გამარჯვება მათთვის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სიცოცხლისთვის”, – დაწერა მაყურებელმა ანა კვარცხავამ და სოციალურ ქსელში უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
40 წლის სოფია ველიკაია საქართველოში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის თარიღების დაანონსებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში.
რატომ? – ის რიგითი სპორტსმენი არაა. ველიკაია ЦСКА-ს წარმომადგენელი, სახელგანთქმული მოფარიკავე – არაერთგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია – მაიორის სამხედრო წოდებით. ის მოქმედი სამხედროა და, ფაქტობრივად, ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში – ეხმარება რუს სამხედროებს.
სოფია ველიკაია პრეზიდენტმა პუტინმა 2016 წელს დააჯილდოვა პირველი ხარისხის მედლით – “სამხედრო სიმამაცისთვის”, 2018 წელს – პუტინის საარჩევნო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო სთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი გახდა.
„ვლადიმირ ვლადიმირის ძეს [პუტინს] უკავშირდება ჩემი მთელი სპორტული წლები… ვიდრე ის მართავდა ქვეყანას, მე ჩემს სპორტულ სიმაღლეებს ვიპყრობდი“, – ამბობდა ველიკაია რუსეთის პრეზიდენტზე.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო [22-30 ივლისს] პირველად მასპინძლობს. თბილისში 158 ქვეყნის 1800-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა, მათ შორის – რუსეთიდან. რუს მოფარიკავეებს, წლების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება პირველად სწორედ თბილისში ეძლევათ.
ფორუმი