მოსამართლე ცეკვავამ 2000- 2000 ლარით დააჯარიმა თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ორი უსახლკარო

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000- 2 000 ლარით დააჯარიმა თვალჭერილიძის ქუჩიდან გამოსახლებულები, რევაზ ნადირაშვილი და ლადო ჩახაია.
პატიმრობას ითხოვდა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ორივე 24 ივლისს დააკავეს. შსს-ს იურისტების თქმით, თვალჭრელიძის #1-ში მაცხოვრებელი ეს ორი კაცი, რომელიც უკვე გამოასახლეს, პოლიციას აგინებდა.
პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავს შეუძლია მოქალაქის ადგილზე დაკავება – სასამართლოს კი შეუძლია მას დააკისროს 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
ადვოკატი მარიამ ყველაშვილი ამბობს, რომ ორივეს, ნადირაშვილსა და ჩახიასაც მძიმე სოციალური ფონი აქვთ, არიან სოციალურად დაუცველები და ჯარიმას ვერ გადაიხდიან.
„რევაზ ნადირაშვილი სოციალურად დაუცველია, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, არ აქვს საცხოვრებელი…ლადო ჩახაიამაც მითხრა, რომ სოციალურად დაუცველია. ისინი უმტკიცებდნენ მოსამართლეს, რომ ნასვამები არ იყვნენ. ნადირაშვილმა თქვა, ვხედავდი ჩემი შვილის ნივთებს ყრიდნენ და ვითხოვდი მხოლოდ მე შემეგროვებინა და არ გადაეყარათო”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ადვოკატი მარიამ ყველაშვილი.
რევაზ ნადირაშვილის დაკავების ეს ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
იურისტის თქმით, ნადირაშვილსა და ჩახაიას მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ჩახაია უმუშევარი და უსახლკაროა. ნადირაშვილი ყოველთვიური შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა.
„დადგენილება რა მისამართზეც უნდა ჩაბარებოდათ, ვეღარ ჩაბარდებათ, რადგან იქიდან გამოსახლებულები არიან. ერთი მისამართი ჰქონდათ თვალჭრელიძის პირველი”, – ამბობს ადვოკატი.
დღეს საქალაქო სასამართლოში გამოსახლების დღეს დაკავებული სხვა მოქალაქეების სასამართლოებიც გაიმართა, მათგან 8 ადგილობრივია, დანარჩენი მხარდამჭერები და აქტივისტები.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ მამასა და ორ შვილს: შალვა ქველაძეს, რეზო ქველაძესა და ბაჩო ქველაძეს.
პოლიციამ თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობიდან ათობით ოჯახის გამოსახლების დროს 17 ადამიანი დააკავა.
აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება 24 ივლისს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა. შენობას უკვე ანგრევენ, გამოსახლებულების ავეჯი ა პირადი ნივთები ისევ ქუჩაში აწყვია.