სეულის ცენტრალურმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს 105 მოქალაქისთვის სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისას მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანის ასანაზღაურებლად ჯამში 10.5 მილიონი კორეული ვონის ($7 597) გადახდა დაავალა.
“ცხადია, რომ მოსარჩელეებმა, რომლებიც საზოგადოების წევრები არიან, შიშით, შფოთვით, სასოწარკვეთიტა და დამცირებით განიცადეს ტკივილი” – წერია სასამართლოს განცხადებაში.
ყოფილმა პრეზიდენტმა იუნმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში “სამხედრო მდგომარეობა” გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.
tabula.ge
