თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული მამა და ორი შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ისინი 24 ივლისს თვალჭრელიძის ქუჩაზე თავიანთი საცხროვრებელი კორპუსიდან გამოსახლებისას დააკავეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისინი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
24 ივლისს თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას ჯამში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე გამოსახლებული ადამიანების მხარდასაჭერად ადგილზე მისული აქტივისტები.
დღეს სასამართლოს დარბაზიდან ასევე გაათავისუფლეს თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი და ელენე გაბელაია. მათი საქმის განხილვა 6 აგვისტოს გაგრძელდება.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პარალელურად დაკავებული მოქალაქეების ნაწილს დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატების ინფორმაციით, რომლებმაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოინახულეს, პოლიციელები მათ შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. მათივე განცხადებით, მისამართზე მუდმივად 39 ოჯახი ცხოვრონდა, მათგან 58 პირს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო 53 ოჯახს დაკავებული ჰქონდა ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობდნენ.
