ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების და გასაღების მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი გასცა, ხოლო სანაცვლოდ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად მოქალაქისგან მოითხოვა და აიღო 100 ლარი.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი გასცა, ხოლო სანაცვლოდ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად მოქალაქისგან მოითხოვა და აიღო 100 ლარი.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს სპეციალურ უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველი პირის ინტერესებისთვის, ჩადენილი ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება), ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25. 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.