ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია იზრდება. თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო 5 წლის იმპორტის მაჩვენებლებს, ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. იმპორტმა მაქსიმუმს მიმდინარე წელს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში 61,3 მილიონი დოლარის ღირებულების 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 922 ერთეულს შეადგენდა, შესაბამისად, ზრდა 80%-ზე მეტია.
ბიზნესი ელექტრომობილების ბაზრის ზრდას, ლოგიკურად ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს, რადგან ხარჯთეფექტურობისა და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაცილებით მეტი ადამიანი ყიდულობს ელექტრომობილებს და დამუხტვად ჰიბრიდებს.
„წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია როგორც საცალო გაყიდვებში, ისე კომპანიების მხრიდან. ამის ახსნა მარტივად შეიძლება, რომ ელექტრომობილი არის განსაკუთრებით ხარჯთეფექტური. შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნა არის დადებითი და მზარდი როგორც საცალო, ისე კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით.
ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს BYD -ის ბრენდის ელექტრომობილები და ასევე დამუხტვადი ჰიბრიდები. ფასთან და ხარისხთან მიმართებით ამ კატეგორიის ჩინური ავტომობილები გამორჩეულია. მათი ხარისხი ბოლო წლებია განსაკუთრებით გაიზარდა. ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრს გადის ერთი დამუხტვით, 13 900 დოლარი ღირს. ბაზარი ამას ადეკვატურად უყურებს და მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება.
წინა წელს თუ შევადარებთ, ჩვენს კომპანიას აქვს დაახლოებით 50%-იანი ზრდა და ველოდებით, რომ დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად ვითარდება დამტენების ინფრასტრუქტურა, ვფიქრობთ, მაშინ როცა მთლიანად დაიფარება ქვეყანა სწრაფი დამტენების ქსელით, მეტად გაიზრდება ელექტრომობილებზე მოთხოვნა”,-აცხადებს ტატო მიროტაძე, Solar Auto-ს დამფუძნებელი.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ბაზრიდან საქართველოში 38,8 მილიონი დოლარის ღირებულების 2 665 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.
ბოლო 2-3 წელია ბაზარზე თავს იმკვიდრებს ჩინური ელექტრომობილებიც. ბიზნესი ამბობს, რომ მიზეზი ხელმისაწვდომობაა, რაც აისახება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ გაყიდვებზეც. ახალი ჩინური ელექტრომობილების შეძენა საქართველოში 14 ათასიდან 20 ათასი ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
BM.GE
