ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შოტლანდიაში შეხვდება.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი განიხილავენ სავაჭრო ურთიერთობებს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით, შევხვდეთ კვირას შოტლანდიაში, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, თუ როგორ შეგვიძლია, მტკიცედ შევინარჩუნოთ ის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს 50-50-ზე შანსი ან უფრო ნაკლებიც, რომ აშშ-მა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს. მისი თქმით, ბრიუსელს ძალიან სურს შეთანხმების გაფორმება. ევროკავშირის წევრებს კენჭისყრით უკვე დამტკიცებული აქვთ 93 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე დასაწესებელი საპასუხო ტარიფები იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.
