საქართველოს დერეფანში ჩინური ტვირთები გაიზარდა – ბოლო 6 თვეში კონტეინერების ზრდა 173%-ია

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია (3,608 TEU).
„ის ფაქტი, რომ 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთიდან და ჩინეთის დანიშნულებით საკონტეინერო გზავნილების რაოდენობა გასამმაგებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება. ამასთან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს პოტენციალის გაზრდას სატვირთო გადაზიდვის მიმართულებით“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.