ცხინვალი – NATO-ს წვრთნები საქართველოს მონაწილეობით საფრთხეს გვიქმნის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ “Agile Spirit 2025″-ის წვრთნები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამხრეთ ოსეთისა და მთლიანი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას”. მსგავსი განცხადებები ცხინვალს აქამდეც გაუკეთებია.
“ნატოს სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2025, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და -ის ეროვნული გვარდია, წარმოადგენენ პირდაპირ საფრთხეს სამხრეთ ოსეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის “— აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში [წვრთნები ტარდება საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე.
“ეს წვრთნები მეთორმეტედ ტარდება და მათში ჩართულია ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია. მიუხედავად ტრადიციული განცხადებებისა მათი „მშვიდობიანი“ ხასიათის შესახებ, ნატოს რეგულარული სამხედრო აქტივობა კონფლიქტებით სავსე რეგიონში არ შეიძლება არ იწვევდეს შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში. ცხადია, რომ საქართველოს ტერიტორიისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენება, ასევე ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე მთელი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისათვის,“ — აცხადებს ცხინვალი.
დე ფაქტო უწყების განცხადებითვე, „იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური თბილისი კვლავ ბლოკავს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, რაც განიხილება კავკასიის უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, მსგავსი მასშტაბური სამხედრო წვრთნები ნატოს მონაწილეობით და საჯარო ძალის დემონსტრირება ზრდის სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის რისკს რეგიონში.“
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.
სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.