ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ლევან ხორავას ამავე ქალაქის სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილებით, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ინფორმაციას აქვეყნებს ონლაინგამოცემა „ბათუმელები“.
მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო – ამავე უწყების თანამშრომელი, თეა ლაღაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამბობდა, რომ 27 მაისს სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდების დღეს, მას ლევან ხორავამ „ნაბოზარი“ უწოდა.
შსს-ში საქმის წარმოება დაწყებული იყო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის მიმართ ლანძღვა-გინება). ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 3500 ლარიდან 6000 ლარამდე ან 7-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ლაღაძე აჭარის პოლიციის თანამშრომელია და სწორედ ის წაროადგენს შსს-ს იმ სასამართლო სხდომებზე, რომლებზეც აქციებზე დაკავებულთა საქმეები განიხილება.
ფორუმი
