თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებს ასახლებენ.
ადგილზე დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ.
აღნიშნული სააღსრულებო წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო 2024 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებულია ორჯერ.
საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები. განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე. ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები; მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.
მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
აღსრულების ეროვნული ბიუროში ადასტურებენ, რომ მისამართზე დევნილები ცხოვრობენ.
„მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია – 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს – 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.




